საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

წარმატება სტუდენტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე

Post Date: 2018-12-12

მიმდინარე წლის 1-2 დეკემბერს გაიმართა დაპროგრამებაში სტუდენტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური ტურნირი.
სტუდენტთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებაა და სამი ეტაპისაგან (მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი) შედგება. ჩემპიონატის ორგანიზატორებს მსოფლიო დაყოფილი აქვთ რეგიონებად, ხოლო რეგიონები – ზონებად. ქართული უნივერსიტეტების გუნდები მონაწილეობენ ჩრდილო ევრაზიის რეგიონის სამხრეთ კავკასიის ზონაში სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდებთან ერთად.
როგორც ყოველთვის, წელსაც ნახევარფინალში მონაწილეობდნენ ის გუნდები, რომლებმაც წარმატებით გადალახეს მეოთხედფინალური ეტაპი.
წლევანდელ ჩემპიონატში მსოფლიოს 111 ქვეყნის 3 000-ზე მეტი წამყვანი უნივერსიტეტის 50 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა და ფინალში 400 სტუდენტი გავიდა.
მათ შორის სამხრეთ კავკასიის ზონიდან მოხვდა ერთადერთი გუნდი და ეს გუნდი არის ქართული – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (იბსუ) ნაკრები ნიკოლოზ სვანიძის (კაპიტანი), ნიკოლოზ ნარუშვილისა და მარიამ ქსოვრელის შემადგენლობით. გუნდის მწვრთნელია გიორგი მანდარია.
ნიკოლოზ სვანიძე ერთ-ერთია ყველაზე წარმატებულ მზიურელთა შორის, სკოლაში სწავლის დროს ის გახდა მოსწავლეთა შორის ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი და ამჟამად თვითონ ასწავლის მზიურში – მოსწავლეებს წვრთნის მსოფლიო ოლიმპიადაზე წარმატების მისაღწევად.
ჩემპიონატის არსებობის მანძილზე ეს არის მესამე შემთხვევა, როცა ქართული გუნდი მოხვდა ფინალში. ერთადერთხელ, 2008 წელს, ქართულმა გუნდმა (თსუ, ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, ელდარ ბოგდანოვი და გიორგი ლეკვეიშვილი) მოახერხა ბრინჯაოს მედლების მოპოვება.
წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება აპრილში პორტუგალიაში.
მზიურის დირექცია ულოცავს ქართულ გუნდს ამ უდიდეს წარმატებას და ფინალურ ეტაპზე გამარჯვებას უსურვებს მათ.

 




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება