საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ემზადება

Post Date: 2008-07-15

ა.წ. 7-8 ივნისს გაიმართა 2007-2008 სასწავლო წლის საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის საოლიმპიადო ნაკრების შესარჩევი შეჯიბრება ორ ტურად. 
შეჯიბრებას უმასპინძლა დემირელის სახელობის კოლეჯმა.
შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის შედეგების საფუძველზე მოწვეული იყო 12 მოსწავლე.
მონაწილეებს ორივე ტურში ამოსახსნელად მიეცათ 3-3 ამოცანა და დრო 5 საათი. მოსწავლეებს დაპროგრამების ენის (Pasclal ან C) გამოყენებით უნდა ამოეხსნათ ამოცანები. 
შეჯიბრების გამარჯვებულები გამოავლინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულმა ნაკრების ხელმძღვანელობამ.
ამ შეჯიბრების შედეგად გამოვლინდა საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრების 4 წევრი, რომლებიც გაიგზავნებიან ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე.
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა, განსხვავებით რეგიონული (მაგალითად ბალკანეთის, ბალტიისპირეთისა და სხვა) საერთაშორისო ოლიმპიადებისაგან, არის მსოფლიოს უმაღლესი რანგის შეჯიბრება, რის გამოც მას მსოფლიო ოლიმპიადასაც უწოდებენ. 
წლევანდელი ნაკრების წევრები არიან: 
ლევან ვარამაშვილი - დემირელის კოლეჯის მე-11 კლასის მოსწავლე. 
ზურაბ კუცია - თბილისის 24-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.
მარიამ კობიაშვილი - დემირელის კოლეჯის მე-10 კლასის მოსწავლე. 
ცოტნე ტაბიძე - ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. 
ლევან ვარამაშვილი გამოცდილი ოლიმპიელია. იგი წელს (ისევე, როგორც შარშან) მოხვდა როგორც ინფორმატიკის, ასევე მათემატიკის ნაკრებებში. იმედია, რომ გასული წლისაგან განსხვავებით ლევანი წელს მედლებით დაბრუნდება ორივე ოლიმპიადიდან. 
ზურაბ კუციაც გამოცდილი ოლიმპიელია, თუმცა, ნაკრებში წელს პირველად არის და მედლის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია. 
მარიამ კობიაშვილი საქართველოს ინფორმატიკის ნაკრების ისტორიაში მეორე გოგონაა, რომელმაც ნაკრებში ადგილი მოიპოვა. იგი ერთ-ერთ ყველაზე უფრო პერსპექტიულ მოსწავლედ ითვლება და სპეციალისტები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. 
ცოტნე ტაბიძე, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უმცროსია, ეროვნულ ოლიმპიადაზე პირველი იყო. იგი წლევანდელ მათემატიკის ნაკრებშიც მოხვდა. ამ უნიჭიერესი ახალგაზრდისაგან წელსაც და მომავალშიც უმაღლეს შედეგებს ველოდებით. 
ინფორმატიკის წლევანდელი (მე-20) საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართება ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში 2008 წლის 16-23 აგვისტოს.
ნაკრებმა საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მომზადება უკვე დაიწყო. ნაკრები ოლიმპიადაზე მიჰყავთ გამოცდილ მწვრთნელებს - გიორგი მანდარიას (ხელმძღვანელი) და ზაზა გამეზარდაშვილს (მოადგილე). მათ გარდა ნაკრების მომზადებაში მონაწილეობას იღებენ გურამ ქოთოლაშვილი, ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი და გიორგი ლეკვეიშვილი. 
საქართველოს ნაკრები დამოუკიდებლად ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 1996 წლიდან მონაწილეობს.
შარშან, ხორვატიაში გამართულ ინფორმატიკის მე-19 საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ყველაზე წარმატებული საქართველოს ნაკრებისთვის იყო 2006 წლის ინფორმატიკის მე-18 საერთაშორისო ოლიმპიადა (მერიდა, მექსიკა), რომელზეც საქართველოს ნაკრებმა 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების წევრების მიერ მოპოვებულია 5 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედალი.




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება