საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

ეროვნული ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები

Post Date: 2009-04-28

ა.წ. 27 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია შეხვდა წლევანდელი ეროვნული ოლიმპიადების პირველი ტურის გამარჯვებულ მოსწავლეებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე შეგიძლიათ იხილოთ ამ შეხვედრისადმი მიძღვნილი პრესრელიზი.
მინისტრმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცეს და შემდგომშიც წარმატებები უსურვეს.
როგორც ბატონმა მინისტრმა განაცხადა, დადგინდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს დაენიშნებათ ერთჯერადი სტიპენდიები შემდეგი ოდენობით:
ოქროს მედალი - 5000 ლარი;
ვერცლის მედალი - 3000 ლარი
ბრინჯაოს მედალი - 2000 ლარი.
ამავე შეკრებაზე მინისტრმა ზემოაღნიშნული ოდენობის სტიპენდიები გადასცა შარშანდელი საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებულებს. მათ შორის იყვნენ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლების მფლობელები:
ლევან ვარამაშვილი - დემირელის კოლეჯის მე-12 კლასის მოსწავლე;
მარიამ კობიაშვილი - დემირელის კოლეჯის მე-11 კლასის მოსწავლე;
ზურაბ კუცია - თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.
შარშანდელი ინფორმატიკის ნაკრების მეოთხე წევრმა, ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ცოტნე ტაბიძემ, მართალია ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მედალი ვერ მოიპოვა, მაგრამ იგი, ისევე, როგორც ლევან ვარამაშვილი, ამავე დროს მათემატიკის ნაკრების წევრიც იყო და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა (ისევე, როგორც ლევან ვარამაშვილი).
შეკრების ბოლოს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, რომ მინისტრისთვის შეკითხვები დაესვათ. შეხვედრის ეს ნაწილი ყველაზე საინტერესო გამოვიდა, ვინაიდან მოსწავლეთა შეკითხვები არც თუ ადვილი საპასუხო, გარკვეულ შემთხვევებში, მინისტრის შეფასებით, საკმაოდ მწვავეც კი იყო.
მე-8 კლასის მოსწავლის, ჯიმი სხრტლაძის შეკითხვის პასუხად ბატონი ნიკა გვარამიასაგან მოსწავლეებმა მიიღეს დაპირება, რომ წლევანდელი ინფორმატიკის ოლიმპიადის სამივე ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებული პირველი ათეული (ანუ, სულ ოცდაათი მოსწავლე) პრიზად მიიღებს პერსონალურ კომპიუტერს.
უკვე ცნობილია, რომ ინფორმატიკის ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართება 1 და 2 მაისს. შეჯიბრებას უმასპინძლებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
წლევანდელი ოლიმპიადის ორგანიზატორის, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოს სკოლების დაახლოებით 1600 მოსწავლე. აქედან მეორე (დასკვნით) ტურში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ 54 მოსწავლე.
გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე შეგიძლიათ იხილოთ როგორც ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის დასკვნით ტურში დაშვებულ მოსწავლეთა სია, ასევე ინფორმატიკის პირველ ტურზე მიცემული ამოცანები ამოხსნებით.




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება