საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა

თუ თქვენი შვილი სწავლობს თბილისის რომელიმე სკოლის მე-6, მე-5 ან მე-4 კლასში (გამონაკლის შემთხვევებში მე-3 ან მე-7 კლასში) და მიგაჩნიათ, რომ მას აქვს გამორჩეული ინტერესი და მიდრეკილება მათემატიკისადმი, ეხალისება და ეადვილება  მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნა და გინდათ, რომ იგი მოხვდეს მისი ნიჭის თვითრეალიზაციისა და სრულყოფის სათანადო გარემოში, ასეთ შემთხვევაში მზიურის ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა თქვენთვისაა! 

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ მზიურში მოქმედებს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ხდება გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების სელექცია და სპეციალური ჯგუფის დაკომპლექტება. ამ ჯგუფის პროგრამა ითვალისწინებს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას, დაპროგრამებისა და ალგორითმიზაციის საფუძვლების გაღრმავებულ შესწავლას. ამ პროგრამის მთავარი მიზანია მათემატიკურ-ლოგიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების სელექცია (ძირითადად V-VI კლასის ასაკში) და შემდგომი მომზადება (ძირითადად სკოლის დამთავრებამდე). ეს ჯგუფები ერთგვარი “ტალანტების ფაბრიკაა”, რომლის საბოლოო “პროდუქტები” არიან საერთაშორისო მასშტაბით სრულიად კონკურენტუნარიანი (ინფორმატიკის სფეროში) სკოლადამთავრებული ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან სწავლა გააგრძელონ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში და, მომავალშიც, საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ ამ სფეროს მეცნიერ-მკვლევართა შორის. ჩვენთან სწავლის განმავლობაში ეს მოსწავლეები მონაწილეობენ ხოლმე ინფორმატიკისა და მათემატიკის სხვადასხვა რანგის (მათ შორის საერთაშორისო) ოლიმპიადებსა და კონკურსებში და, ჩვეულებისამებრ, იმარჯვებენ კიდეც. ჩვენი მოსწავლეები მუდმივად არიან საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულთა შორის და მუდმივად ხვდებიან ქვეყნის ნაკრებში. მათ მონაპოვარში უამრავი მედალი და სხვადასხვა ხარისხის დიპლომია. მათ შორის ყველაზე მაღალი ჯილდოებია: ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადების 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 22 ბრინჯაოს მედალი.

  ჩვენი ნამოწაფრები წარმატებით  აგრძელებენ სწავლას ჩვენი ქვეყნისა თუ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში,  მათ შორის ისეთ უმაღლესი კოტირების უნივერსიტეტებში, როგორიცაა Massachussetts Institute of Technologies (MIT), American Military Academy (West Point),ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდა სხვა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ უნივერსიტეტებში დაფინანსების მოპოვებაში მთავარი განმსაზღვრელი სწორედ ის მედლები და დიპლომებია, რომლებიც მოსწავლეებს საერთაშორისო ოლიმპიადებზე აქვთ მოპოვებული.    ამ პროექტის პირველი თაობის კურსდამთავრებულებს ამჟამად წამყვანი პოსტები უჭირავთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფილის და არა მარტო ამ პროფილის კომპანიებში.  ბევრი მათგანი უცხოურ კომპანიებშიც მუშაობს, მათ შორის ისეთ კომპანიებში, როგორიცაა  Google, Microsoft, Facebook, Dropbox და სხვ.    მიგვაჩნია, რომ ცენტრი ერთ-ერთი ქართული კომპანიაა იმ მცირეთაგან, რომლებსაც შეუძლიათ საერთაშორისო სტანდარტის «პროდუქციის» წარმოება.    ცენტრის ისტორიის მანძილზე ჩვენს რამდენიმე მოსწავლეს დანიშნული ჰქონდა ქვეყნის უმაღლესი ჯილდო - პრეზიდენტის სტიპენდია. ცენტრის სამი პედაგოგი არის ღირსების ორდენოსანი და ჯილდო  მინიჭებული აქვთ სწორედ მოსწავლეთა საოლიმპიადო მომზადებაში მიღწეული წარმატებებისათვის.

  ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა მუდმივად ვითარდება და დღეისათვის იგი ოთხი ძირითადი საფეხურისაგან შედგება: 

  1. მზიურის მათემატიკური ინტერნეტ-შეჯიბრი - მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობს დაუსწრებელი ტურების სახით. მონაწილეობენ მე-4 და მე-5 (შესაძლებელია მე-3 და მე-6) კლასის მოსწავლეები თბილისისა და სხვა ქალაქების სკოლებიდან. ყოველი დაუსწრებელი ტურისთვის საითზე (http://www.concurs.mziuri.ge/) გამოიკიდება ხოლმე 5 მათემატიკურ-ლოგიკური ტიპის ამოცანა, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა ამოხსნან და ამოხსნები ელექტრონული დოკუმენტის სახით გამოაგზავნონ მითითებულ ვადაში. ამის შემდეგ ეს ამოხსნები განიხილება, შეფასდება და გამოიკიდება გავლილი ტურის ანალიზი (ამოცანების ამოხსნები, შეფასების სქემა, მოსწავლეთა შედეგები და მათი კომენტარები). ინტერნეტშეჯიბრი ერთგვარი დისტანციური სწავლების სკოლაა, რომლის მიზანია ნიჭიერი ბავშვების შერჩევა.

2. მათემატიკური კონკურსი ”იმედი ხვალის” (www.imedi.mziuri.ge/) კონკურსი ტრადიციულად იმართება სასწავლო წლის ბოლოს. მასში მონაწილეობას იღებენ თბილისის სკოლების III-VI კლასების ის მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩევიან მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნებით. ეს კონკურსი გარკვეულწილად ინტერნეტშეჯიბრის გაგრძელებაა და მისი ერთგვარი ”დასკვნითი ნაწილია”. კონკურსი შედგება პირველი და მეორე ტურებისგან და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიისგან. 

  3. დაწყებითი ორწლიანი კურსი - ამ პროგრამაში მოსახვედრად თბილისის სკოლების მე-5 და მე-6 (იშვიათად მე-4 და მე-7) კლასის მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა გაიარონ შესარჩევი კონკურსი, რომელიც სასწავლო წლის დასაწყისში იმართება. კონკურსის შედეგების მიხედვით კოპლექტდება სასწავლო ჯგუფები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში სწავლობენ გაძლიერებული პროგრამით. კვირაში აქვთ სამი მეცადინეობა, თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობა 1 სთ 30 წთ. ამ მეცადინეობებიდან მხოლოდ ერთი მეცადინეობა ტარდება კომპიუტერულ კლასში, სადაც ეუფლებიან დაპროგრამების საფუძვლებს. დანარჩენი ორი მეცადინეობა კომპიუტერის გარეშეა. ერთ მათგანზე მოსწავლეები სწავლობენ მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების ამოხსნას, ხოლო მეორეზე ეუფლებიან ალგორითმების საფუძვლებს. სწავლების პროგრამა საკმაოდ დატვირთულია საშინაო დავალებებითა და საკონტროლო წერებით. საკონტროლო წერებისა და სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის შედეგების მიხედვით ხდება მოსწავლეთა რეგულარული რეიტინგიზაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ორწლიანი კურსის დასრულების შემდეგ დავაფორმიროთ ე.წ. „საოლიმპიადო“და პროგრამირებისსკოლისჯგუფები. 

4. საოლიმპიადო და დაპროგრამების ჯგუფები. ამ ჯგუფების მოსწავლეები გაღრმავებულად ეუფლებიან ალგორითმიზაციის საფუძვლებს, საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის მეთოდებსა და დაპროგრამების ხელოვნებას. პროგრამისტთა სკოლის მოსწავლეები ეუფლებიან დაპროგრამების თანამედროვე ინსტრუმენტებს - C++, G#, Java, ვებგვერდების დაპროგრამების ტექნოლოგიასა და კომპიუტერული თამაშების შექმნის ტექნოლოგიას.. ამ კურსის პროგრამა საკმაოდ რთულია და მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭისა და სიბეჯითის მქონე მოსწავლეებისთვის არის დაძლევადი. სწორედ ამ ჯგუფების მოსწავლეები აღწევენ წარმატებებს ინფორმატიკის ოლიმპიადებსა და კონფერენციებში. 

„ტალანტების ფაბრიკის“ განვითარების დინამიკა (განსაკუთრებით უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში) გვიჩვენებს, რომ ამ პროექტის საზოგადოებრივი ღირებულება დღითი-დღე მატულობს. ხელისუფლებისა და საზოგადოების მიდგომა ნიჭიერი ბავშვების მომზადების პრობლემისადმი რადიკალურად იცვლება (სასიკეთოდ). განუხრელად იზრდება მოსწავლეთა კონტიგენტის როგორც რაოდენობრივი, ისე გეოგრაფიული და, შედეგად, ხარისხობრივი მაჩვენებლები. დღეისათვის ამ პროექტს ცენტრის საქმიანობაში მთავარი ადგილი უჭირავს. ვფიქრობთ, რომ პერსპექტივაშიც სწორედ ეს მიმართულება იქნებამზიურის საქმიანობის ცენტრალური ღერძი. 

  უფრო დაწვრილებით „ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „მშობლის სამახსოვროში“.

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს