ჩატარდა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების შესარჩევი შეჯიბრი

2014-05-13

გასულ შაბათ კვირას, 10 და 11 მაისს გაიმართა ინფორმატიკის ნაკრების შესარჩევი შეჯიბრი.
შესარჩევ შეჯიბრში მონაწილეობდა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული 26 მოსწავლე.
მზიურელებმა წელსაც იმარჯვეს და ნაკრებში ოთხივე ადგილი დაისაკუთრეს.
წლევანდელ ნაკრებში არიან:
1. გიორგი სხირტლაძე - დემირელის კოლეჯის მე-10 კლასის მოსწავლე;
2. ნიკა სვანიძე - კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე;
3. ელენე მაჩაიძე - კომაროვის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;
4. ნიკა ნადირაძე - კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე;
გიორგი და ელენე ნაკრების დებიუტანტები არიან. ნიკა ნადირაძე 2011 და 2012, ხოლო ნიკა სვანიძე 2012 და 2013 წლებში უკვე იყვნენ ნაკრების წევრები. ნიკა სვანიძე ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელიცაა.
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ტაივანში გაიმართება 13-20 ივლისს. წლევანდელი ოლიმპიადა 26-ეა. დაწვრილებით ინფორმატიკის წლევანდელი საერთაშორისო ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 1996 წლიდან მონაწილეობს. დღემდე ქართველი მოსწავლეების მირ მოპოვებულია 1 ოქროს, 7 ვერცხლისა და 25 ბრინჯაოს მედალი. აქედან 2 ვერცხლისა და 15 ბრინჯაოს მედალი მზიურელების მოპოვებულია.
ყველაზე "უხვმედლიანი" იყო 2006 წელი, როცა საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა ვერცხლის, ხოლო ორმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ყველაზე დიდი წარმატება კი 2010 წელს ქუთაისელი ცოტნე ტაბიძის ოქროს მედალია.
შარშანდელი შედეგიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ერთი ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით. შარშანდელი ოლიმპიადის შესახებ ნაკრების ხელმძღვანელის, გიორგი მანდარიას ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ბლოგზე.
ნაკრების მწვრთნელების შეფასებით წლევანდელი ნაკრების შედეგიც მაღალი უნდა იყოს. 
ნაკრების წევრებსა და მათ მასწავლებლებს, გიორგი მანდარიას, ზაზა გამეზარდაშვილს, გურამ ქოთოლაშვილსა და გიორგი გულიაშვილს ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას მომავალ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე.