ზამთრის IV ოლიმპიადა ინფორმატიკაში

2017-03-10

2017 წლის 25 თებერვალს თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის ოლიმპიადა ინფორმატიკაში. ეს ოლიმპიადა უკვე მეოთხედ ჩატარდა და ეროვნული ოლიმპიადისთვის საუკეთესო “რეპეტიციად” ითვლება.

ზამთრის ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.

ოლიმპიადა, როგორც ყოველთვის, ჩატარდა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ არიან რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მინიმალური მოთხოვნაა დაპროგრამების რომელიმე ენის (Free pascal, C++) ცოდნა.

ოლიმპიადა ჩატარდა სამ ასაკობრივ ჯგუფში:

- უმცროსების ჯგუფი - VIII კლასამდე,

- საშუალო ჯგუფი - IX–X კლასები,

- უფროსების ჯგუფი - XI-XII კლასები.

სამივე ჯგუფში მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცათ 3-3 ამოცანა და 4 საათი სამუშაო დრო.

ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამივე ასაკობრივ ჯგუფში, გარდა გამარჯვების დამადასტურებელი ოფიციალური დიპლომებისა, გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.

მზიურელებმა, როგორც ყოველთვის, ამ ოლიმპიადაზეც უმაღლესი შედეგები აჩვენეს.

გთავაზობთ საბოლოო შედეგებს:

უმცროსების ჯგუფი,

საშუალო ჯგუფი,

უფროსების ჯგუფი.