მზიურელების მორიგი წარმატება ოლიმპიადაზე

2017-09-01

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები დაბრუნდა თეირანიდან, სადაც 28 ივლისიდან 4 აგვისტომდე მიმდინარეობდა იინფორმატიკის 29-ე საერთაშორისო (მსოფლიო) ოლიმპიადა ინფორმატიკაში.
ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:
1. გიორგი კლდიაშვილი – დემირელის კოლეჯის მე-11 კლასი;
2. ალექსანდრე ხოხიაშვილი – კომაროვის სკოლის მე-11 კლასი;
3. ნიკლოზ ბირკაძე – კომაროვის სკოლის მე-9 კლასი;
4. საბა თავდგირიძე – კომაროვის სკოლის მე-12 კლასი.
მწვრთნელები:
გიორგი მანდარია – ნაკრების ხელმძღვანელი;
ზაზა გამეზარდაშვილი – ხელმძღვანელის მოადგილე;
გურამ ქოთოლაშვილი – მწვრთნელი.
გიორგი კლდიაშვილმა და ნიკოლოზ ბირკაძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. გიორგი გამოცდილი ოლიმპიელია და სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებული. ნიკა ამ ოლიმპიადაზე დებიუტანტი იყო და ძალიან გაგვახარა მისი შედეგით. ნიკა წელს არა მარტო ინფორმატიკის, არამედ მათემატიკის ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა და თეირანში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა ბრაზილიიდან, სადაც მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადა ტარდებოდა. ნიკა არის პირველი ქართველი მოსწავლე, რომელიც მე-9 კლასელი მოხვდა ორივე ეროვნულ ნაკრებში და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს შედეგი სრულიად უპრეცედენტოა და იმედს გვაძლევს, რომ მას მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება ექნება.
აღვნიშნავთ, რომ მათემატიკის წლევანდელ მსოფლიო ოლიმპიადაზე ქართველი მოსწავლეების მიერ 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი იქნა მოპოვებული (მათემატიკის ეროვნულ ნაკრებში 6 წევრია). აქედან 2 ვერცხლი (ნიკოლოზ ბირკაძე და საბა ლეფსვერიძე) და 1 ბრინჯაო (დავით ხვედელიძე) მზიურელებმა დაიმსახურეს.
წლევანდელი წელი ქართველი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით უხვმოსავლიანი აღმოჩნდა. გარდა მათემატიკის 6 და ინფორმატიკის 2 მედლისა, ქართველებმა ფიზიკისა და ქიმიის მსოფლიო ოლიმპიადებზე 3-3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
დაწვრილებით ინფორმატიკის ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე: http://ioi2017.org/