მოსწავლეთა ეროვნული ნაკრებების შემადგენლობა ცნობილია

2010-06-03

ინფორმატიკის წლევანდელ ეროვნულ ნაკრებში მოხვდნენ:
1.კობიაშვილი მარიამ, თბილისის  შ.პ.ს. ჩსდ დემირელის სახ. კერძო კოლეჯი, მე-12 კლასი;
2. ამბროლაძე ნოდარ, ქუთაისის  41-ე  საჯარო სკოლა, მე-12 კლასი;
3. ტაბიძე ცოტნე, ქუთაისის ა.რაზმაძის სახ. 41-ე საჯარო სკოლა, მე-11 კლასი;
4. ბეგიაშვილი ნიკა, თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონი "კომაროვი", მე-11 კლასი.
მარიამი და ცოტნე უკვე გამოცდილი ოლიმპიელები არიან. ცოტნე ვერცხლის, ხოლო მარიამი ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ცოტნე ასევე მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ორგზის მონაწილე და ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
ცოტნე ტაბიძე და ნოდარ ამბროლაძე წლევანდელი მათემატიკის ეროვნული ნაკრების წევრებიც არიან.
ნიკა ბეგიაშვილმა წელს უკვე მოასწრო ერთი ბრინჯაოს მედლის ჩამოტანა ინფორმატიკის რეგიონული საერთაშორისო ოლიმპიადიდან, რომელიც იანვარში ყაზახეთში ჩატარდა.
ნაკრების მწვრთნელების პროგნოზით ინფორმატიკის წლევანდელ ნაკრებსაც აქვს ოთხი მედლის ჩამოტანის შესაძლებლობა. მათ შორის, ძალიან დიდი ალბათობით, ყველა მედალი ბრინჯაოსი არ უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დამოუკიდებელი სახით ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 1996 წლიდან მონაწილეობს და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს ოლიმპიელებს მოპოვებული აქვთ 6 ვერცხლისა და 19 ბრინჯაოს მედალი. ყველაზე შედეგიანი იყო 2006 წელი, როცა საქართველოს ნაკრებმა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე იხილავთ ასევე მათემატიკისა და ფიზიკის ეროვნული ნაკრებების შემადგენლობებსაც.
იგივე გვერდზე არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია: "წელს, პირველად, ქართველი დამკვირვებელი  ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, კორეის ქალაქ ჩანგვონში გაემგზავრება. ეს შესაძლებლობას მისცემს ქართველ მოსწავლეებს მომავალში მონაწილეობა მიიღონ ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებზე".
შეფახსენებთ, რომ მოსწავლეთა შორის საერთაშორისო ოლიმპიადები 6 დისციპლინაში იმართება. საქართველოს ნაკრები დღემდე მხოლოდ მათემატიკის, ინფორმატიკისა და ფიზიკის ოლიმპიადებში მონაწილეობდა. ბიოლოგიაში, ქიმიასა და ასტრონომიაში ქართველ მოსწავლეებს ჯერ მონაწილეობა არ მიუღიათ. მივესალმებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაინტერესებას ახალი ოლიმპიადებით.
დაბოლოს საქართველოს მოსწავლეთა სამივე ნაკრების ყველა წევრს ვულოცავთ ნაკრებში მოხვედრას და ვუსურვებთ წარმატებას მომავალ საერთაშორისო ოლიმპიადაზე.