საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების შეკრება

2010-08-10

საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრები ამთავრებს საწვრთნელი შეკრების მესამე ეტაპს. პირველი ორი ეტაპის შეკრებები თბილისში ჩატარდა, მესამე ეტაპი კი - ბაკურიანში.
უკვე მესამე წელია, ეროვნული ნაკრები საწვრთნელ ბაზად ბაკურიანის საჯარო სკოლის ინფორმატიკის კაბინეტს იყენებს. ნაკრების მწვრთნელები აღნიშნავენ, რომ ბაკურიანში წვრთნისა და დასვენებისათვის ნორმალური პირობები აქვთ.
წლევანდელი (22-ე) ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა კანადის ქალაქ ვატერლოოში ტარდება 14-დან 21 აგვისტომდე. ოლიმპადის მასპინძელია ვატერლოოს უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. დაწვრილებით ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://www.ioi2010.org.
წლევანდელი ნაკრების წევრები არიან:
1. მარიამ კობიაშვილი - დემირელის კოლეჯი, მე-12 კლასი;
2. ცოტნე ტაბიძე - ქუთაისის 41-ე ფიზ-მათ სკოლა, მე-11 კლასი;
3. ნოდარ ამბროლაძე - ქუთაისის 41-ე ფიზ-მათ სკოლა, მე-12 კლასი;
4. ნიკა ბეგიაშვილი - თბილისის 199-ე ფიზ-მათ სკოლა (კომაროვის პანსიონი), მე-11 კლასი.
მარიამი და ცოტნე ძალზე გამოცდილი ოლიმპიელები არიან. ისინი უკვე მესამედ მიემგზავრებიან ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ცოტნემ წელს უკვე მოასწრო და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანა. წლევანდელ მათემატიკის ოლიმპიადაზე იყო ნოდარ ამბროლაძეც. ნიკა ბეგიაშვილი წელს იანვარში ასტანის (ყაზახეთი) საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნდა ბრინჯაოს მედლით.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 1996 წლიდან მონაწილეობს. ამ პერიოდის განმავლობაში სულ ქართველ მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ 6 ვერცხლისა და 19 ბრინჯაოს მედალი. შარშანდელი ოლიმპიადიდან (ბულგარეთი) ჩვენმა მოსწავლეებმა 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს. დღემდე საუკეთესო მიღწევად რჩება 2006 წლის (მექსიკა) შედეგი, როცა ჩვენი ნაკრების წევრებმა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების მწვრთნელები არიან გიორგი მანდარია, ზაზა გამეზარდაშვილი და გურამ ქოთოლაშვილი.
ნაკრები 13 აგვისტოს მიემგზავრება და დიდი იმედი გვაქვს, რომ "ხელცარიელი" არ დაგვიბრუნდება.
გვინდა მშვიდობით მგზავრობა და გამარჯვებები ვუსურვოთ ნაკრების წევრებსა და მათ მწვრთნელებს.