ინფორმატიკის ეროვნული ნაკრები შერჩეულია

2011-05-13

ა.წ. 7 და 8 მაისს გაიმართა მოსწავლეთა შორის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები.
გამოვლენილია ნაკრები 4 წევრის შემადგენლობით:
1. ცოტნე ტაბიძე - ქუთაისის 41-ე ფიზ-მათ სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე.
2. ანი მარგველაშვილი - ქუთაისის 41-ე ფიზ-მათ სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე.
და მზიურელები:
3. ჯიმი სხირტლაძე - კომაროვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე.
4. ნიკა ნადირაძე - კომაროვის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე.
დაწვრილებით შესარჩევი ტურების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზატორის - შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და საპროგრამო ჯგუფის - ჯეოლიმპის საიტებზე.
ინფორმატიკის წლევანდელი (23-ე) საერთაშორისო ოლიმპიადა ტაილანდში გაიმართება 22-29 ივლისს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დამოუკიდებელი სახით ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 1996 წლიდან მონაწილეობს და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს ოლიმპიელებს მოპოვებული აქვთ 1 ოქროს, 6 ვერცხლისა და 19 ბრინჯაოს მედალი. ეს ერთადერთი ოქროს მედალი შარშანდელ ოლიმპიადაზე სწორედ ცოტნე ტაბიძემ მოიპოვა. ყველაზე შედეგიანი იყო 2006 წელი, როცა საქართველოს ნაკრებმა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საიტზე იხილავთ ასევე მათემატიკის,  ფიზიკისა და ბიოლოგიის ეროვნული ნაკრებების შემადგენლობებსაც.
შეფახსენებთ, რომ მოსწავლეთა შორის საერთაშორისო ოლიმპიადები 6 დისციპლინაში იმართება. საქართველოს ნაკრები დღემდე მხოლოდ მათემატიკის, ინფორმატიკისა და ფიზიკის ოლიმპიადებში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები წელს პირველად მიემგზავრება. ქიმიასა და ასტრონომიაში ქართველ მოსწავლეებს ჯერ მონაწილეობა არ მიუღიათ. მივესალმებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაინტერესებას ახალი ოლიმპიადებით.
დაბოლოს საქართველოს მოსწავლეთა ოთხივე ნაკრების ყველა წევრს ვულოცავთ ნაკრებში მოხვედრას და ვუსურვებთ წარმატებას მომავალ საერთაშორისო ოლიმპიადაზე.
ინფორმატიკის ნაკრების მომზადებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციებს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.