ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა IOI2013 იწყება

2013-07-04

მოსწავლეთა შორის წლევანდელი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა IOI2013 ტარდება ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში 6-13 ივლისს.
დღეს გამთენიისას საქართველოს ეროვნული ნაკრები ბრისბენისკენ გაფრინდა.
ნაკრების შემადგენლობაში 4 მოსწავლეა:
ნიკოლოზ სვანიძე - კომაროვის სკოლის XI კლასი;
ჯიმშერ სხირტლაძე - კომაროვის სკოლის XII კლასი;
გიორგი გულიაშვილი - დემირელის კოლეჯის XII კლასი;
თორნიკე მანძულაშვილი - ვეკუას სკოლის XII კლასი.
ნაკრების მწვრთნელები არიან:
გიორგი მანდარია (ხელმძღვანელი);
ზაზა გამეზარდაშვილი;
გურამ ქოთოლაშვილი.

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOI - International Olympiad in Informatics) არის მოსწავლეთა შორის უმაღლესი რანგის შეჯიბრება პროგრამირებაში. რეგიონული საერთაშორისო ოლიმპიადებისაგან განსხვავებით მას მსოფლიო ოლიმპიადასაც უწოდებენ. ოლიმპიადა წელიწადში ერთხელ ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში. პირველი ოლიმპიადა 1989 წელს ჩატარდა ბულგარეთში. წლევანდელი ოლიმპიადა რიგით ოცდამეხუთეა.
საქართველო IOI-ზე დამოუკიდებლად 1996 წლიდან მონაწილეობს და ამ პერიოდის განმავლობაში ქართველ მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ 1 ოქროს, 6 ვერცხლისა და 22 ბრინჯაოს მედალი.
ოლიმპიადა ინდივიდუალური შეჯიბრებაა, მაგრამ, როგორც წესი, ითვლიან ხოლმე არაოფიციალურ გუნდურ შედეგსაც.
ყველაზე მაღალი გუნდური შედეგი ქართველმა მოსწავლეებმა 2006 წელს მექსიკაში გამართულ ოლიმპიადაზე აჩვენეს, როცა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ერთდერთი ოქროს მედალი ქუთაისის 41-ე ფიზ-მათ სკოლის XI კლასელმა ცოტნე ტაბიძემ 2010 წელს კანადაში მოიპოვა.
მწვრთნელების შეფასებით წლევანდელი ეროვნული ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა და მისგან მაღალ შედეგებს ველოდებით.
დაწვრილებით წლევანდელი ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებგვერდზე.