დამთავრდა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მეორე ტური

2013-07-10

ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში დამთავრდა მოსწავლეთა შორის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მეორე (უკანასკნელი) ტური.
ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ არაოფიციალური შედეგები, რომელიც, სავარაუდოდ მხოლოდ მცირედ შეიძლება შეიცვალოს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების შედეგები ასეთია:
ვერცხლის მედალი - გიორგი გულიაშვილი - დემირელის კოლეჯის XII კლასი;
ბრინჯაოს მედლები:
ჯიმშერ სხირტლაძე - კომაროვის სკოლის XII კლასი;
ნიკოლოზ სვანიძე - კომაროვის სკოლის XI კლასი;
თორნიკე მანძულაშვილი - ვეკუას სკოლის XII კლასი.

ნაკრების მწვრთნელები არიან:
გიორგი მანდარია (ხელმძღვანელი);
ზაზა გამეზარდაშვილი;
გურამ ქოთოლაშვილი.

ოლიმპიადის ოფიციალური შედეგები გამოცხადდება დახურვის ცერემონიაზე 12 ივლისს.
ვულოცავთ ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს ამ დიდ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ!

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOI - International Olympiad in Informatics) არის მოსწავლეთა შორის უმაღლესი რანგის შეჯიბრება პროგრამირებაში. რეგიონული საერთაშორისო ოლიმპიადებისაგან განსხვავებით მას მსოფლიო ოლიმპიადასაც უწოდებენ. ოლიმპიადა წელიწადში ერთხელ ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში. პირველი ოლიმპიადა 1989 წელს ჩატარდა ბულგარეთში. წლევანდელი ოლიმპიადა რიგით ოცდამეხუთეა.
საქართველო IOI-ზე დამოუკიდებლად 1996 წლიდან მონაწილეობს და ამ პერიოდის განმავლობაში ქართველ მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ 1 ოქროს, 7 ვერცხლისა და 25 ბრინჯაოს მედალი (ახალი მედლების ჩათვლით).
ოლიმპიადა ინდივიდუალური შეჯიბრებაა, მაგრამ, როგორც წესი, ითვლიან ხოლმე არაოფიციალურ გუნდურ შედეგსაც.
ყველაზე მაღალი გუნდური შედეგი ქართველმა მოსწავლეებმა 2006 წელს მექსიკაში გამართულ ოლიმპიადაზე აჩვენეს, როცა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ერთდერთი ოქროს მედალი ქუთაისის 41-ე ფიზ-მათ სკოლის XI კლასელმა ცოტნე ტაბიძემ 2010 წელს კანადაში მოიპოვა.
დაწვრილებით წლევანდელი ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებგვერდზე.