მსოფლიო პირველობა პროგრამირებაში სტუდენტთა შორის

2015-05-16

მიმდინარე წლის 17-21 მაისს მაროკოს ქალაქ მარაკეშში ტარდება პროგრამირებაში სტუდენტთა შორის მსოფლიოს 39-ე პირველობის ფინალური ტური. ეს გუნდური შეჯიბრი უმაღლესი რანგის ასპარეზობაა მსოფლიოს მასშტაბით და წლევანდელ ფინალურ ტურში მონაწილეობს 128 გუნდი მსოფლიოს 80-მდე ქვეყნიდან. ფინალურ ეტაპამდე მისაღწევად გუნდებმა მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისიდან დღემდე რამდენიმე უძნელესი ეტაპი გადალახეს.
ქართული გუნდი წელს მეორედ მოხვდა ფინალურ ეტაპზე. პირველად ასეთი რამ 2009 წელს თსუ-ს გუნდმა (ნიკა ჯიმშელეიშვილის, ელდარ ბოგდანოვისა და გიორგი ლეკვეიშვილის შემადგენლობით) შესძლო. მაშინ მათ მე-11 ადგილი და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
წლევანდელ გუნდში თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ნიკა სვანიძე, თორნიკე მანძულაშვილი და გიორგი გულიაშვილი არიან, მწვრთნელები - ზაზა გამეზარდაშვილი და გიორგი საღინაძე.
ჩვენი გუნდი უკვე მარაკეშშია და ემზადება ფინალური ტურისთვის, რომელიც 20 მაისს გაიმართება.
გვაქვს შესაძლებლობა, რომ შეჯიბრის ვებგვერდზე ონლაინ რეჟიმში თვალი ვადევნოთ შეჯიბრებას და ერთად ვუქომაგოთ ქართულ გუნდს.