ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ინფორმატიკაში

2011-11-28

ბულგარეთის ქალაქ შუმენში 25-27 ნოემბერს ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ინფორმატიკაში.
ეს ტურნირი დაფუძნებულია 2001 წელს, როგორც ბულგარეთის ეროვნული შეჯიბრება. 2009 წლიდან მას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. შეჯიბრებაში მომაწილეთა გეოგრაფია ყოველწლიურად ფართოვდება. შემადგენლობა კი, როგორც წესი, უძლიერესია. საქართველოს გუნდი წელს პირველად იღებდა მონაწილეობას. ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ უძლიერესი მოსწავლეები ხორვატიიდან, რუსეთიდან, მოლდოვადან, რუმინეთიდან.
შეჯიბრება ჩატარდა ორ ასაკობრივ კატეგორიაში - უფროსები (Senior group) და უმცროსები(Junior group).
საქართველოს წარმოადგენდნენ "მზიურელები":
  • ნიკა ნადირაძე - კომაროვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე;
  • ნიკა სვანიძე - კომაროვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე;
  • ჯიმი სხირტლაძე - კომაროვის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;
მათ გარდა, ნაკრებში ქუთაისის მე-2 სკოლის მე-10 კლასელი ირაკლი მარგველაშვილიც იყო, მაგრამ მიზეზთა გამო მან წასვლა ვერ მოახერხა.
გუნდს თან ახლდნენ ნაკრების მწვრთნელები გიორგი მანდარია და გურამ ქოთოლაშვილი.
ქართველი მოსწავლეები უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდნენ.
შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ნიკა ნადირაძემ და ნიკა სვანიძემ ოქროს, ხოლო ჯიმი სხირტლაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ინფორმაცია ტურნირის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შეჯიბრების ვებგვერდზე.

საქართველოს ნაკრებს ვულოცავთ გამარჯვებას და მომავალ წარმატებას ვუსურვებთ.