ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა IOI2015 იწყება

2015-07-26

ინფორმატიკის საერთაშორისო 27-ე ოლიმპიადა ტარდება ყაზახეთის ქალაქ ალმატიში 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები არიან:
1. გიორგი სხირტლაძე - დემირელის კოლეჯის მე-11 კლასის მოსწავლე;
2. ელენე მაჩაიძე - კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე;
3. ალექსანდრე ცხოვრებოვი -კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე;
4. გიორგი კლდიაშვილი - ქუთაისის ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-9 კლასის მოსწავლე.
ნაკრების მწვრთნელები არიან გიორგი მანდარია (ხელმძღვანელი), ზაზა გამეზარდაშვილი (მოადგილე) და გურამ ქოთოლაშვილი.
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა არის მოსწავლეთა შორის ინფორმატიკაში უმაღლესი რანგის შეჯიბრი და მას მსოფლიო ოლიმპიადასაც უწოდებენ.
შეჯიბრის პირველი ტური 28 ივლისს ჩატარდება, ხოლო მეორე ტური - 30 ივლისს.
სამიოდე კვირის წინ საქართველოს ნაკრებმა კარგი "რეპეტიცია" გაიარა ჩეხეთში გამართულ ცენტრალური ევროპის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, საიდანაც სამივე მზიურელი მედლით დაბრუნდა. გიორგი სხირტლაძემ ვერცხლის, ხოლო ელენე მაჩაიძემ და ალექსანდრე ცხოვრებოვმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გიორგი კლდიაშვილი ჩეხეთში არ ყოფილა, ვინაიდან ის მათემატიკის ნაკრების წევრიცაა და იმ პერიოდში მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე იმყოფებოდა, საიდანაც ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.
იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთში ჩვენი ნაკრები წარმატებით გამოვა.
საქართველოს ნაკრები, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაკრები, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 1996 წლიდან გამოდის. ამ პარიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს მოპოვებული აქვს 2 ოქროს, 7 ვერცხლისა და 27 ბრინჯაოს მედალი. აქედან 1 ოქროს, 2 ვრეცხლისა და 17 ბრინჯაოს მედალი მზიურელების "ნადავლია".
დაწვრილებით მიმდინარე ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებგვერდზე.