მზიურელების უპრეცედენტო წარმატება ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე

2017-09-15

ა.წ. 7-13 სექტემბერს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში. ოლიმპიადაზე მონაწილეობდა 15 წლამდე ასაკის 89 მოსწავლე ევროპის 22 ქვეყნიდან (თითოეული ქვეყნიდან არაუმეტეს 4 მონაწილე).
ჩვენი ნაკრების ოთხივე წევრი მზიურელებით დაკომპლექტდა გასულ გაზაფხულზე ჩატარებული ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის შედეგების მიხედვით.
ნაკრებში მოხვდნენ:
ნიკოლოზ ბირკაძე – კომაროვის სკოლის X კლასი;
თეიმურაზ თოლორაია - კომაროვის სკოლის X კლასი;
იოანე კაპანაძე – ამერიკული აკადემიის IX კლასი (დემირეილის კოლეჯის ყოფილი მოსწავლე;
გიორგი კობახია – კომაროვის სკოლის IX კლასი.
ნაკრებს თან ახლდნენ ხელმძღვანელი გიორგი მანდარია და მოადგილე ზაზა გამეზარდაშვილი.

ეს ოლიმპიადა პირველად ჩატარდა და ორგანიზატორებს სურვილი აქვთ, რომ ტრადიციული გახდეს.
ჩვენმა მოსწავლეებმა უპრეცედენტო წარმატებას მიაღწიეს – ნიკოლოზ ბირკაძე ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. თეიმურაზ თოლორაიამ და იოანე კაპანაძემ ვერცხლის, ხოლო გიორგი კობახიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
დეტალებისათვის იხილეთ ოლიმპიადის ოფიციალური საიტი http://ejoi.org/