დამთავრდა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა IOI2009

2009-08-15

გუშინ, 2009 წლის 14 აგვისტოს შედგა მოსწავლეთა 21-ე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დაჯილდოვების ცერემონიალი.
წლევანდელ ოლიმპიადას მასპინძლობდა ბულგარეთის ქალაქი პლოვდივი.
საქართველოს ნაკრების წლევანდელი შემადგენლობა იგივე იყო, რაც შარშანდელი:
1. ცოტნე ტაბიძე - ქუთაისის 41-ე ფიზ-მათ სკოლა, მე-10 კლ;
2. ზურაბ კუცია - თბილისის 24-ე სკოლა, მე-12 კლ:
3. ლევან ვარამაშვილი - დემირელის კერძო კოლეჯი, მე-12 კლ;
4. მარიამ კობიაშვილი - დემირელის კერძო კოლეჯი, მე-11 კლ.

ცოტნე ტაბიძემ მოიპოვა ვერცხლის, ხოლო დანარჩენმა სამივე მონაწილემ ბრინჯაოს მედლები. ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებისთვის, ბუნებრივია, კარგი შედეგია, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა. მით უფრო, რომ ზურაბ კუცია თავისი ქულებით ძალიან ახლოს იყო ვერცხლის მედალთან. დაწვრილებით ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე http://www.ioi2009.org/

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა არის მსოფლიოს უმაღლესი რანგის შეჯიბრება პროგრამირებაში მოსწავლეთა შორის. წლევანდელ ოლიმპიადაში მონაწილეობდა 300 მოსწავლე მსფლიოს 80 ქვეყნიდან. ჩვეულებისამებრ, ოლიმპიადა არა მარტო დაძაბული შეჯიბრებაა, არამედ მასპინძელი ქვეყნის (და არა მარტო) კულტურის, ისტორიისა და დღევანდელობის გაცნობის საუკეთესო საშუალებაც. წლევანდელი ოლიმპიადაც უაღრესად საინტერესო ექსკურსიებით იყო დატვირთული. ერთ-ერთი ექსკურსია მიეძღვნა ბაჩკოვოს მონასტრის დათვალიერებას, რომელიც პლოვდივიდან 30 კმ მანძილითაა დაშორებული. ეს უძველესი მონასტერი (მე-11 საუკუნე) დაარსებულია ქართველი ძმების გრიგოლ და ასპაზ ბაკურიანების მიერ და ჩვენში ცნობილია, როგორც პეტრიწონის მონასტერი. მონასტერი საუკუნეების მანძილზე ქართველთა სასულიერო მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო და დღემდე რჩება ქართველი და ბულგარელი ხალხის სულიერი ძმობის სიმბოლოდ.

ოლიმპიადაზე ჩვენს ნაკრებს ახლდნენ:
1. ხელმძღვანელი (მთავარი მწვრთნელი) - გიორგი მანდარია;
2. ხელმძღვანელის მოადგილე (მწვრთნელი) - ზაზა გამეზარდაშვილი;
3. დამკვირვებელი (მწვრთნელი) - ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი;
4. ვიზიტორი - ეკატერინე ლეჟავა.

საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ოლიმპიადაზე დამოუკიდებლად მონაწილეობს 1996 წლიდან და წლევანდელის ჩათვლით მოპოვებული აქვს სულ 6 ვერცხლისა და 19 ბრინჯაოს მედალი. ყველაზე შდეგიანი დღემდე იყო 2006 წელი, როცა ნაკრებმა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები სამშობლოში 17 აგვისტოს გამთენიისას ბრუნდება.